Tuesday, June 23, 2009

თბილისის უბნები

ავლაბარი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს - რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. ამჟამად ისნის რაიონში. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში "ისანი" ეწოდება. სიტყვა "ავლაბარი" XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა "ავლაბრის" პარალელურად "ისანი" შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი.

არქეოლოგიური მასალის მიხედვით ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი - ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე - თბილისის ანუ ქალაქის გალავანი - ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლე - "საჩინო", ფორაქიშვილების დარბაზი, რამდენიმე ეკლესია და სხვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.

ავჭალა, ადრე სოფელი გარდაბნის რაიონში. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.

ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში - კახეთის საერისთავოში.

ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.

ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: ელმავალმშენებელი ქარხანა, შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა.

დიდუბე, თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი ძველად, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი 1870-იანი წლებიდან. მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე. წარმოდგა სახელწოდებიდან "დიდი დუბე" ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა "ცხენის ტერფი" (V ს.).

ისტორია [რედაქტირება]

დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიწერს. XII საუკუნეში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. დიდუბეში არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.

XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ი. ა. გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. "ბაღის არხი". 1818 წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. ამ დროიდან დიდუბის ამ ნაწილს ალექსანდერდორფი ეწოდა.

1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. 23 დეკემბერს მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი (გაითხარა 1930, ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში.

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონია.


ელია, თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი. მდებარეობს მახათის მთის ფარდობზე, კიბალჩიჩის ხევის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის აღმოსავლეთით. სახელი ეწოდა ილია ანუ ელია წინასწარმეტყველის ეკლესიისაგან (წყაროებში პირველად 1654 წელს არის მოხსენიებული), რომელიც მახათის მთაზე იდგა. აქ იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული, ელიაობა.


ვანქი, ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ბარათაშვილის სახელობის ხიდის მახლობლად. ვანქი გარეუბნის ფარგლებში შემავალი ლოკალური უბანი იყო. სახელი ეწოდა აქ მდგარი სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძრის ფაშა-ვანქის მიხედვით (აშენდა XIV-XVI სს-ში), შემორჩენილია XIX საუკუნის სამრეკლო.


ვერე, ვერა, ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. სახელი ეწოდა მდინარე ვერის მიხედვით. ქალაქისპირა ისტორიული დასახლების ვერის ადრინდელი სახელია სკვირეთი (სკორეთი). ვერე წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. აქ აღმოჩენიი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს, რომ ეს ადგილები უფრო ადრე იყო დასახლებული. ვერეზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-საქარავნო გზა. XVIII საუკუნეში ამ გზას იცავდა საგანგებო რაზმი, ე. წ. "ვერის ხევის ყარაული". XVII-XVIII საუკუნეებში ვერე მოიცავდა ტერიტორიას ახლანდელი ელბაქიძის დაღმართიდან და გაბაშვილის ქუჩიდან ბაგებამდე. XIX საუკუნეში აქ ახალი უბნები გაჩნდა - ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო, ახალშენი. ვერის ტერიტორიაზე, შემორჩენილია XII-XIII საუკუნეებში აგებული წმ. ანდრიას ეკლესია (ე. წ. ლურჯი მონასტერი). მდ. ვერაზე იმ ადგილის მახლობლად, სადაც ახლა ხიდია, 1932 წლამდე იყო XVII საუკუნის შუაწლებში აგებული ოთხმალიანი ქვითკირის ხიდი. ახლანდელი ვერე ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რეგიონია.


ზემელი, თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ადრინდელი სახელწოდება; შეერქვა აქ მდგარი აფთიაქის მიხედვით, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ ე. ზემელს ეკუთვნოდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს.

ამჟამად მოედნის მიმდებარე უბანს არაფორმალურად ზემელს უწოდებენ.


ისანი, ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, არაბთა ბატონობის ხანაში, აქ გამაგრებულ დასახლება სოღდებილის მედინაში საპყრობილე იყო. IX საუკუნეში იგი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად ჰისნი - ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს; იგი ქალაქს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან იცავდა, XI-XII საუკუნეებში ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიას ისნის ველს და სოღდებილის სანახებს ეძახდნენ (შემდეგდროინდელი ავლაბარი). XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას, იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხთა ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი მეტეხად იწოდებოდა.


ნავთლუღი, ძველი უბანი თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისანი-სამგორის რაიონში, სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა ჰქონდა). XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ნავთლუღს უწოდებდნენ ერეკლეს ციხესაც. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე. წ. კახეთის გზა). ნავთლუღის ტერიტორიაზე შემორჩენილია წმ. ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია; ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო), მეორე — XIX საუკუნის II ნახევრისა.


კრწანისი, უბანი თბილისში, ფეოდალურ ხანაშისოფელი. წყაროებში პირველად იხსენიება XIV საუკუნის ბოლოს. კრწანისი საკათალიკოსო სოფელი იყო. შუა საუკუნეებში აქ წმ. გიორგის ეკლესია იდგა. კრწანისი წარმოადგენდა დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო რეგიონს, აქ იყო სარწყავი არხი, რუ, რუსხმულები, მდინარეზე მოწყობილი იყო წყლის საქაჩი ჩარხები. კრწანისის ველზე 1795 წელს გაიმართა დიდი ბრძოლა სპარსეთისა და ქართლ-კახეთის ლაშქარს შორის.


ნაძალადევი, ძველი უბანი თბილისში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ახლანდელი ნაძალადევის რაიონში. საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872) შემდეგ დიდუბის ტერიტორიაზე 2 ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალ უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება. ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები გახდა თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლა. აქ 1900 წლის ზაფხულში რევოლუციურად განწყობილი მუშის ს. აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები. 1905 წლის დეკემბერში საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით „რესპუბლიკა“ გახდა. მუშები იარაღდებოდნენ, გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა — რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. მუშების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა. ნაძალადევში დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა ი. სტალინმა. აქ რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდნენ და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდნენ მ. კალინინი, ბ. ბოჭორიძე, ზ. ჩოდრიშვილი, გ. თელია, ვ. სტურუა, ს. ალილუევი, პ. მონტინი და სხვებმა.


ორთაჭალა, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (... რაიონი). სახელწოდება „ორთაჭალა“ 2 სიტყვის ნაერთია: თურქ. „ორთა“ (ქართ. „შუა“) და ქართ. „ჭალა“, ე. ი. „შუაჭალა“. ორთაჭალას „ჭალის ბაღსაც“ ეძახდნენ (ვახუშტი ბატონიშვილი, XVIII ს.). თავდაპირველად ერქვა კუნძულს, რომელსაც ორად განტოტილი მდინარე მტკვარი წარმოქმნიდა. XIX საუკუნეში მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარის მიმდებარე უბანსაც ორთაჭალა ეწოდა. ამავე საუკუნეში ორთაჭალა თბილისელთა დასასველებელ და გასართობ ადგილად იქცა. 1954 წელს ორთაჭალის უბანში მდინარე მტკვარზე აშენდა ჰიდროელექტროსადგური „ორთაჭალჰესი


სანზონა — უბანი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის. იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო სარაჯიშვილთან ...


სოლოლაკი (იგივე სალალაკი) არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი.

არაბების ბატონობის ხანაში „ციხის ბაღის“ მოსარწყავად აღადგინეს სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი“ ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული.ka.wikipedia.org




Tuesday, June 16, 2009

თბილისის მოსახლეობა

თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალეროვანი მოსახლეობით. საუკუნეების განმავლობაში დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ქართველების გვერდით მშვიდობით თანარსებობდნენ. მათი სოციალური და რელიგიური უფლებები არასოდეს დარღვეულა. თბილისის თითოეულ მოქალაქეს ,,ეროვნება თბილისელი” აერთიანებდა, რამაც დედაქალაქის განსაკუთრებული, სინთეტური და მკაფიოდ ინდივიდუალური კულტურის წარმოშობა-ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით, თბილისის მოსახლეობა 1, 106 700 ადამიანს შეადგენს. ამათგან უმრავლესობას – 80% ქართველები წარმოადგენენ. ეთნიკური უმცირესობის 20% - ში სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და ოსები დომინირებენ, შედარებით მცირე რაოდენობას შეადგენენ ბერძნები, ებრაელები, ქურთები, იეზიდები და აისორები.თბილისის ეთნიკური მრავალფეროვნება ბუნებრივია სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე საზოგადოებას წარმოშობს. საქართველოში IV საუკუნიდან მოყოლებული ოფიციალურ რელიგიად მართლმადიდებლობაა აღიარებული. სწორედ მას მისდევს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თბილისში ეს მაჩვენებელი 85% აღემატება. მოსახლეობის დაახლოებით 15% - ში გავრცელებულია ისლამი (აზერბაიჯანელებში), კათოლიციზმი და გრიგორიანობა (სომხებში), ცეცხლთაყვანისმცემლობა (ქურთები და იეზიდები), იუდაიზმი (ებრაელებში). თბილისში შეხვდებით ბაპტისტებს, ლუთერანებს, კრიშნაიდებსა და სხვა აღმსარებლობის ადამიანებს.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის უძველესი მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით თანაარსებობენ კათოლიკური და გრიგორიანული სალოცავები, ასევე მოქმედი მეჩეთი და სინაგოგა./www.tbilisi.gov.ge

უძველესი თბილისი ვიდეო

www.youtube.com

თბილისის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადება

1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII—XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები — ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია — მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანას", ან "ქართული რენესანსის" პერიოდს უწოდებენ.

თამარის მეფობის (1184—1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. „კარავის“ დაწესება.ka.wikipedia.org

Friday, June 12, 2009

თბილისის ისტორია



ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად. ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისის თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.ka wikipedia.org